ჟურნალი ნომერი 7 ∘ ანი ბაღდადაშვილი „ვეფხისტყაოსანი“ და აღმოსავლური სამყაროშოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ აღმოსავლური სამყაროს გავლენების კვალი მრავლადაა. ის იგრძნობა ქალაქებისა და ქვეყნების სახელწოდებებში, პერსონაჟთა სახელებში, რაც არაერთგზის ყოფილა კვლევის საგანი. მაგ. საკმაოდ ბევრჯერ არის პოემაში ნახსენები „არაბეთი“ და „ინდოეთი“, მაგ.
„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი...“ [რუსთაველი,1992,გვ.14;]
„დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი“ [რუსთაველი,1992,გვ.17].
ასევეა ინდოეთის შესახებაც ნათქვამი:
“ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი“[რუსთაველი,1992,გვ73];
„ერთი სამეფო საკარგყმო, უბოძა ამირბარობა,
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა“[რუსთაველი,1992,გვ.73].
„ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ“ [რუსთაველი,1992,გვ.82].
აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ხატაეთი“ არ ჰქვია, უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში ეს სახელწოდება აღნიშნავდა ჩინეთის სამხრეთით არსებულ ტერიტორიას. პოემაში გვხვდება „დიდი ზღვა“, რაც იმდროინდელი რუკების შესაბამისად, ინდოეთის ოკეანედ კვალიფიცირდება.
„ვეფხისტყაოსანში“ სიუჟეტური განვითარება მიმდინარეობს სხვადასხვა აღმოსავლურ ქალაქში: ბაღდადში, გულანშაროში, მულღანზანზარში, ხატაეთში, ხვარაზმში და მათთან ერთად ზღვათა სამეფოში, ქაჯეთის ციხეში, ავთანდილის ქალაქში და ა.შ. დავაკვირდეთ ქალაქებს ბაღდადი და მულღაზანზარი:
“გარდახდა, ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი,
მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი“.
1. „მობაღდადენი“ ნიშნავს „ბაღდადელს“, ბაღდადი კი, როგორც ცნობილია, ხალიფა ან-მანსურმა დააარსა 762 წელს და იგი იწოდებოდა აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქად.
2. ამავე სტროფში უნდა მივაქციოთ ყურადღება შემდეგსაც: „მაჰმადის სჯულის მჭირავნი“, რაც გულისხმობს ისლამის მიმდევრობას, აქვე ჩვენთვის ცნობილია, რომ ისლამი კრძალავს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მიღებას, რის შესახებაც პოემაში ხაგზასმითაა ნათქვამი: “აროდეს გვისმან მაჭარნიო“.
რაც შეეხება მულღანზანზარს, უნდა ითქვას, რომ მის შესახებ რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი მოსაზრებით, „მულღანზანზარი“ დაკავშირებულია სპარსულ „მარღზარ“-თან (Marghzar – مرغزار ), რომელიც მდელოს აღნიშნავს, ამასთან, ვფიქრობთ, რომ საინტერესოა ალექსანდრე ელერდაშვილის მოსაზრება, რომლის მიხედვით, სწორი სახელწოდებაა მულღა(ნ)ზანზარი და სიტყვა „ფრინველს“ (მულღ < მურღ) უკავშირდება.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „ავთანდილის ქალაქიც“, რომელსაც ალექსანდრე ელერდაშვილი თავის სტატიაში „ავთანდილის ქალაქი“ საინტერესოდ განმარტავს. იგი იშველიებს იუსტინე აბულაძის კვლევას, რომლის თანახმად „ავთანდილი“ არაბულიდან უნდა მოდიოდეს: vatan-ის მრავლობითი ფორმა avtan (وطن – اوطان), უნდა ნიშნავდეს სამშობლო / სამშობლო მხარეები + dil (دل) – გული = სამშობლოს გულს. მკვლევარი იმოწმებს გურამ ჩიქოვანის მოსაზრებასაც (არაბული) afdal ad-din = საუკეთესო (ადამიანი) სარწმუნოებისა და მათი „გაერთიანებული“, „კომბინაციური“ შედეგიც ასეთია: avtan ad-din (اوطانالدین), - სარწმუნოების სამშობლო(ებ)ი. „ავთანდილის ქალაქი“ წესით კავშირში უნდა იყოს ამ ყველაფერთან.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია რუსთველის დამოკიდებულებამ სიყვარულთან, კერძოდ, რუსთველი რამდენიმე სახის სიყვარულს განასხვავებს და აღნიშნავს, რომ „სიძვა“ რადიკალურად ემიჯნება ჭეშმარიტ „მიჯნურობას“, რომელსაც რამდენიმე ძირითადი მახასიათებლით წარმოაჩენს: „მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი“, - ამბობს პოეტი. აღნიშნავს: „კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.“ მიჯნურს უნდა ახასიათებდეს „შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა“. ამ მხრივ განსაკუთრებითი კავშირი იგრძნობა აბუ საიდის პოეზიასთან, კერძოდ:
სიყვარულო, ამ ყოფაში რად ჩამაგდე?!... რადა?! რადა?!
სატრფო შორით დამანახე... განა მყავდა საყვარლადა... “ (აბუ საიდი, 967 - 1049 წწ.).
ზემოთ დამოწმებული ეხმიანება შოთა რუსთველის ნააზრევს. მაგ.:
„მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს” [რუსთაველი, 1992,გვ.206].
ალი იბნ სინას „რობაიებიდან“ შეგვიძლია შემდგომი ტაეპის დამოწმება:
„ქვესკნელ-ზესკნელში ვნახე ყველა დაღ და აღმართი,
ყველა სიძნელე გადავლახე - მრუდე და მართი.“
შესაბამისად, ცხადია, რომ „ვეფხისტყაოსანშიც“ და ალი იბნ სინას „რობაიებშიც“ გვხვდება შემდეგი საერთო საკითხები:
1. საწუთროს „წარმავლობის“ საკითხი,
2. სიყვარულის გარდაუვალობა,
3. სატრფოსა და სიყვარულისთვის სიძნელეთა დაძლევის აუცილებლობა, სიყვარულის და სიკვდილის „ბმა“ ერთმანეთთან, თითქოს სიყვარული გვაშორებს და გვაახლოვებს კიდეც სიკვდილთან.
მხედველობიდან არ უნდა გამოგვჩეს ბაბა თაჰერის „დუბეითებიც“, სადაც ის ამბობს :
„გული სატრფოსთან განშორების ბოღმით და შხამით
ისე ივსება, ვით სამყარო - დღითა და ღამით.“
„ვეფხისტყაოსანშიც“ ხომ შოთა რუსთველი „ჭეშმარიტი მიჯნურის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დებულებად ასახელებს განშორების წუხილს:
„მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან“ [რუსთაველი,1992, გვ.10].
ოღონდ აქ უნდა აღინიშნოს, რომ ბაბა თაჰერი დასაწყისშივე ერთ მნიშვნელოვან აზრს გამოთქვამს: ”ღმერთო, შენა ხარ ჩემი სატრფო! - არ მინდა სხვა მე.“
შესაბამისად, ბაბა თაჰერის „შორით წუხილის სევდა“ უცილობლოდაა გადაჯაჭვული ღმერთისგან განშორების სევდასთან და „სატრფოდ“ ღმერთი მოიაზრება.
ტკივილის, სევდის განცდა ბაბა თაჰერთანაც ისეთივე მძაფრია, როგორც „ვეფხისტყაოსანში“, განსაკუთრებით კი ტარიელთან.
„ჩემმა ნაღველმა დაგუბებას დენა არჩია
და ჰა - ჭმუნვაში გზის სასრული ვერ გაარჩია;
ჩემი სიტყვისა თუ არ გჯერათ, მოდით და ნახეთ
ის სატკივარი, წამალი რომ არ გააჩნია.“
დავიმოწმოთ პარალელის სახით „ვეფხისტყაოსნიდან“:
„ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,
დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;
დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,
თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია“ [რუსთაველი,1992,გვ121].
აღმოსავლურ პოეზიაში ბაბა თაჰერი წერს:
„გული მაქვს შმაგი, უგნურების ზღვარზე გასული,
არ ვიცი, საით მელოდება გზათა სასრული;
ჩემი სიშმაგით მარად ვებრძვი სატრფოს ზმანებას,
მაგრამ არსად ჩანს არც სიმშვიდე, არც აღსასრული“ (ბაბა თაჰერი).
ვეფხისტყაოსნის გმირებიც მაშინ კარგავენ შინაგან მოსვენებას, როდესაც უყვარდებათ, მათ შორის სიყვარულმა დააკარგვინა მოსვენება ავთანდილსაც და განსაკუთრებით კი ტარიელს. ჩვენი აზრით, ბაბა თაჰერის პესიმიზმი და მთელი ემოციით გადავარდნა სიყვარულში ყველაზე მეტად ტარიელის განცდებს წააგავს და მათი ტიპოლოგიური განხილვის საფუძველს გვაძლევს.
აღსანიშნავია,რომ მთვარე მეტად ხშირად გვხვდება ზოგადად აღმოსავლურ პოეზიაში სატრფოს აღსანიშნავად, რუსთაველთან კი ვიგებთ:
”თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა“ [რუსთაველი,1992, გვ. 29].
ასეთივე სიმბოლოა ვარდი, მაგ. მასუდ საად სალმანთან ვხვდებით:
„შემოპარულ ყვითელ ფერებს შენს სახეზე ვერვინ ამხელს,
რადგან შენი ვარდი კვლავაც სიწითლისგან თვალს ვერ ახელს. “
ვარდი აქაც სახის სიმბოლოა, ისევე როგორც რუსთაველთან.
შედარებისთვის დავიმოწმებთ:
„სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,
მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი“ [რუსთაველი,1992, გვ.109].
შეიძლება შევნიშნოთ ასევე ისიც, რომ ხშირად აღმოსავლურ პოეზიაში, მაგ. ნიზამ განჯელთან ვხვდებით ბედისწერასთან, ცხოვრებასთან ბრძოლის მოტივს, ეს პათეტიკა იგრძნობა, როგორც მის პროზაში, ასევე მის პოეზიაში. მაგალითისთვის მოვიყვანთ რამდენიმე ლექსს, მათ შორის მის ერთ-ერთ ლექსს, რომლის სახელიცაა „განა მართლა ლომი ვიყავ“:
მაგ.: „განა მართლა ლომი ვიყავ,
მხოლოდ ლომის ტყავი მეცვა.“
სადაც ლომთან შედარება გვხვდება საკუთარ ბედთან მებრძოლი პერსონაჟისა.
ლომთან შედარება ვეფხისტყაოსანშიც ხშირია. მაგალითად:
“შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე, მზეებრ სანახველად,
აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად“[რუსთაველი,1992,გვ.97].
ბედისწერასთან და ცხოვრებასთან ბრძოლის მოტივია გამომჟღავნებული ნიზამი განჯელის ლექსში „თავი არ უნდა დაიჩაგრო“, სადაც ნიზამი განჯელი გვასწავლის:
„კაცმა ტანზე ეკალივით ქაცვი უნდა გამოისხა, განსაცდლისგან თუ ვარდივით თავი გინდა გამოიხსნა“...
რუსთველთან ვკითხულობთ:
„არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა,
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა“ [რუსთაველი,1992, გვ.178].
“არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თურ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების,
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების”.
შესაბამისად, ბედისწერასთან ბრძოლის პათოსი ორივეგანაა, თან საკმაოდ მძაფრად.
ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ „ვეფხისტყაოსანზე“ მცირე დაკვირვებაც კი ცხადჰყოფს მის აღმოსავლურ პოეზიასთან სიახლოვეს, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს და არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს,რომ მასში მხოლოდ აღმოსავლური სამყარო აისახება. შესაძლოა ითქვას,რომ ამჯერად ჩვენ ყურადღება მხოლოდ აღმოსავლურ სამყაროზე გავამახვილეთ, შევნიშნეთ პარალელები აღმოსავლურ პოეზიასა და ქართულ ლიტერატურას შორის. მცირე დაკვირვებითაც კი ცხადი გახდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მსგავსებები აღმოსავლურ სამყაროსთან და, ჩვენი აზრით, ეს არათუ აკნინებს მას, არამედ პირიქით, ღირებულებასაც კი მატებს.
გამოყენებული წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
ბრეგაძე აკაკი,“ლიტერატურული საუბრები ახალგაზრდებისთვის“, ციცინათელა, თბილისი, 2014.
იმედაშვილი გ., რუსთველოლოგიური ლიტერატურა (1712- 1956 წლები), თბ., 1957.
კეკელიძე კ. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 11. 1958.
მირუაშვილი ლევან, ხარაძე კობა, „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიული ფონი, 2003.
რუსთაველი შოთა,“ვეფხისტყაოსანი“, თბილისი, გამომცემლობა „მერანი“, 1992.
ხულორდავა გიორგი, სპარსული პოეზია, ინტელექტი, თბილისი, 2020.
ინტერნეტ-წყაროები:
ელერდაშვილი ალექსანდრე ,“ალექსანდრე ელერდაშვილის თარგმანები“ https://natargmni.blogspot.com/p/blog-page_1860.html
ელერდაშვილი ალექსანდრე „ავთანდილის ქალაქი“
https://www.geculture.com/2020/09/25/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98/